საქართველოს მთავრობის დადგენილება N255

საქართველოს მთავრობის დადგენილება N255
27 დეკემბერი, 2006

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N39 დადგენილებით (სსმ, 2004 წელი, N54, III ნაწილი, მუხლი 462) დამტკიცებულ დებულებაში და მე-10 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,4. სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების საქმიანობის კოორდინაციის, სასაზღვრო გამტარი პუნქტის ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან (თუ შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტში ფუნქციონირებს საგარო საქმეთა სამინისტროს სამსახური) შეთანხმებით სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინიშნება სასაზღვრო გამტარი პუნქტის კოორდინატორი, რომელიც:
ა) კოორდინაციას უწევს სასაზღვრო გამტარ პუნქტში სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების იმ ორგანოების მუშაობას, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან;
ბ) სასაზღვრო გამტარი პუნქტის ფუნქციონირების ორგანიზების, ტექნოლოგიური სქემების დაცვისა და ურთიერთმოქმედებისა და კოორდინაციის საკითხებზე შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აძლევს სასაზღვრო გამტარ პუნქტში მოქმედი სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა იმ ორგანოების სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომელთა საქმიანობა უკავშირდება სასაზღვრო რეჟიმის დაცვას;
გ) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარადგენს ერთობლივი ბრძანებების პროექტებს სასაზღვრო გამტარ პუნქტში რეჟიმის დაცვის ტექნოლოგიური სქემებისა და ურთიერთმოქმედებათა გეგმების თაობაზე, კოორდინაციას უწევს მათ შესრულებას;
დ) შეისწავლის და აანალიზებს სასაზღვრო გამტარი პუნქტის ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის მდგომარეობას, ადგენს და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს წარუდგენს წინადადებებს საბიუჯეტო განაცხადის შედგენისას სასაზღვრო გამტარი პუნქტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხების გათვალისწინების თაობაზე, კოორდინაციას უწევს ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების განხორციელებას და აანალიზებს მის მიმდინარეობას;
ე) შესაბამისი უწყების ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეების მიმართ პასუხისმგებლობისა და წახალისების ღონისძიებათა გამოყენების თაობაზე;
ვ) ასრულებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი