საქართველოს მთავრობის
დადგენილება №57
2004 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
1. საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის თანდართული რეგლამენტი.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №129 - სსმ III, №156, 31.12.2004წ., მუხ.1439
2. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 მარტის დადგენილება №62 - სსმ III, №36, 31.03.2005წ., მუხ.372
3. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის დადგენილება №33 - სსმ III, №19, 10.02.2006წ., მუხ.229
4. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №76 - სსმ III, №46, 05.04.2006წ., მუხ.524
5. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 18 ივლისის დადგენილება №149 - სსმ III, №103, 19.07.2007წ., მუხ.1122
6. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №226 - სსმ III, №145, 18.10.2007წ., მუხ.1621
7. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №245 - სსმ III, №182, 23.12.2008წ., მუხ.1857
8. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის დადგენილება №12 - სსმ III, №16, 13.02.2009წ., მუხ.195
9. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 მარტის დადგენილება №39 - სსმ III, №23, 04.03.2009წ., მუხ.296
10. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 ივლისის დადგენილება №125 - სსმ III, №86, 14.07.2009წ., მუხ.915
11. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №212 - სსმ III, №143, 20.11.2009წ., მუხ.1659
12. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №233 - სსმ III, №157, 25.12.2009წ., მუხ.1880
13. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №412 - სსმ III, №172, 31.12.2010წ., მუხ.2485
14. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №93 -ვებგვერდი,24.02.2011წ.
15. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის დადგენილება №105 - ვებგვერდი, 07.03.2011წ.
16. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №511 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს მთავრობის რეგლამენტი
თავი 1
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
საქართველოს მთავრობა (შემდგომში - მთავრობა) საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად მთავრობის კანცელარიის, სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მეშვეობით უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას და პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე.
მუხლი 2
1. მთავრობის უფლებამოსილებანი აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში, მისი სტრუქტურა და შემადგენლობა, აგრეთვე საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით.
2. მთავრობა თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სამთავრობო პროგრამით, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით ნდობას უცხადებს საქართველოს პარლამენტი.
მუხლი 3
1. მთავრობის მუშაობის, მთავრობის სხდომის მომზადების, წარმართვისა და სხდომაზე საკითხის განხილვის წესი, აგრეთვე მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული და საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება მთავრობის რეგლამენტით (შემდგომში - რეგლამენტი).
2. რეგლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით კანონის შესაბამისად მტკიცდება მთავრობის დადგენილებით და მისი შესრულება სავალდებულოა.
3. მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა იმ პროცედურულ საკითხს, რომელიც მოწესრიგებული არ არის ამ რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით, წყვეტს მთავრობა.
მუხლი 4
1. მთავრობას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. იგი განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს და ორგანიზებას უწევს მის მუშაობას, ახორციელებს მთავრობის წევრთა საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს.
11. პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს მთავრობის წევრების, აგრეთვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების - სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების მიერ საკუთარი უფლებამოსილებების კეთილსინდისიერად განხორციელებისა და დასახული ამოცანების წარმატებით შესრულებისათვის გამოიყენოს მათი წახალისების სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, პრემირება. აღნიშნულის თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება.
12. პრემიერ-მინისტრი მინისტრის, სახელმწიფო მინისტრის წარდგინების საფუძველზე, სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანაშრომელთა მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების წარმატებით შესრულებისათვის, აგრეთვე სამსახურებრივ მოვალეობათა მაღალპროფესიულ დონეზე განხორციელებისათვის იღებს გადაწყვეტილებას მათ მიმართ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული წახალისების ამა თუ იმ ფორმის გამოყენების თაობაზე. წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების შესახებ მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი პრემიერ-მინისტრს წარუდგენენ კვარტალში ერთხელ. აღნიშნულის თაობაზე პრემიერ-მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებას.
2. პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მისი არყოფნისას, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს ასრულებს პირველი ვიცე-პრემიერი, ხოლო აგრეთვე მისი არყოფნისას - ვიცე-პრემიერი.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №245 - სსმ III, №182, 23.12.2008წ., მუხ.1857
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 მარტის დადგენილება №39 - სსმ III, №23, 04.03.2009წ., მუხ.296
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №233 - სსმ III, №157, 25.12.2009წ., მუხ.1880
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №412 - სსმ III, №172, 31.12.2010წ., მუხ.2485
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის დადგენილება №105 - ვებგვერდი, 07.03.2011წ.
მუხლი 5
1. მთავრობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებებსა და განკარგულებებს, რომელთაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.
2. მთავრობის სამართლებრივი აქტების მომზადების, მათი გამოქვეყნებისა და ძალაში შესვლის წესი დგინდება კანონმდებლობის შესაბამისად.
3. მთავრობის სამართლებრივი აქტი გამოიცემა როგორც მისი საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვისა და მოწონების შემდეგ, ისე, გამონაკლის შემთხვევებში, მთავრობის წევრთა გამოკითხვის წესით, რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 - მე-6 პუნქტების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №212 - სსმ III, №143, 20.11.2009წ., მუხ.1659
მუხლი 6
1. მთავრობის გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები განიხილება და წყდება მთავრობის სხდომაზე, რომელიც მოიწვევა და იმართება ამ რეგლამენტის შესაბამისად, გარდა ამ მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა.
2. მთავრობის სხდომის გამართვის დროსა და ადგილს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით მთავრობის სამართლებრივი აქტი შეიძლება მიღებულ იქნეს მთავრობის წევრთა გამოკითხვის წესით. ამ შემთხვევაში დაინტერესებული უწყება დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მისი თანხმობისას დაინტერესებული უწყება სამართლებრივი აქტის პროექტს წარუდგენს საქართველოს მთავრობის ყველა წევრს, რომლებიც „შეთანხმების ფურცელზე" ხელმოწერით ადასტურებენ თავიანთ პოზიციას (ეთანხმება, არ ეთანხმება).
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, თუ მთავრობის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაეთანხმება სამართლებრივი აქტის პროექტს, იგი „შეთანხმების ფურცელთან" ერთად წარედგინება მთავრობის კანცელარიას.
5. მთავრობის კანცელარია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტის პროექტის ექსპერტიზასა და ხელმოსაწერად მომზადებას, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელს აწერს მთავრობის მიერ გამოკითხვის წესით მიღებულ სამართლებრივ აქტს.
6. ამ მუხლით განსაზღვრული გამოკითხვის წესით მიღებული მთავრობის სამართლებრივი აქტის შესახებ სათანადო ჩანაწერი კეთდება საქართველოს მთავრობის უახლოესი სხდომის ოქმში.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის დადგენილება №12 - სსმ III, №16, 13.02.2009წ., მუხ.195
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №212 - სსმ III, №143, 20.11.2009წ., მუხ.1659
მუხლი 7
ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით მთავრობა უფლებამოსილია შექმნას სამთავრობო კომისიები და დაამტკიცოს მათი დებულებები.
მუხლი 8
მთავრობის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7.
თავი II
მთავრობის მუშაობის რეგლამენტაციის საფუძვლები
მუხლი 9
1. მთავრობა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, სამთავრობო პროგრამის, ამ რეგლამენტისა და მათ საფუძველზე შემუშავებული მთავრობის სამუშაო გეგმების შესაბამისად.
2. სამთავრობო პროგრამის შემუშავებას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი (კანდიდატი). ნდობის მისაღებად სამთავრობო პროგრამა დადგენილი წესით წარედგინება საქართველოს პარლამენტს.
3. საქართველოს პარლამენტის მიერ სამთავრობო პროგრამისათვის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული წესით ნდობის გამოცხადების შემდეგ იგი წარმოადგენს მთავრობის სამოქმედო ძირითად საპროგრამო დოკუმენტს, რომელიც გათვლილია მთავრობის უფლებამოსილების მთელი პერიოდისათვის.
მუხლი 10
1. მთავრობის მიმდინარე საქმიანობა ხორციელდება სამთავრობო პროგრამის საფუძველზე შემუშავებული მთავრობის სამუშაო გეგმების შესაბამისად, რომელთაც განიხილავს და ამტკიცებს მთავრობა.
2. მთავრობის სამუშაო გეგმები შეიძლება შედგეს ცალკეული სფეროების მიხედვით. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შედგენის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტის მე-8 თავით.
3. მთავრობის სამუშაო გეგმების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მთავრობა და იგი მოიცავს სულ ცოტა სამთვიან პერიოდს.
4. მთავრობის სამუშაო გეგმებში უნდა აისახოს მთავრობის საქმიანობის ყველა ძირითადი მიმართულების მიხედვით განსახორციელებელ კონკრეტულ ღონისძიებათა ჩამონათვალი შესაბამისი ვადებისა და მათი შესრულებისათვის პასუხისმგებელი ორგანოების (პირების) მითითებით, აგრეთვე მთავრობის სხდომებზე განსახილველ საკითხთა და სამსახურებრივი ზედამხედველობის მიმართულებით განსახორციელებელ მოქმედებათა ნუსხა.
5. მთავრობის სამუშაო გეგმებში სათანადოდ აისახება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა მიერ მოწოდებული წინადადებები, რომლებიც ამ უწყებათა კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი შეტყობინებიდან ორ კვირაში წარედგინება მთავრობის კანცელარიას.
6. მთავრობის სამუშაო გეგმების შემუშავების პროცესს მთავრობის კანცელარიის უფროსის კოორდინაციით უზრუნველყოფს მთავრობის კანცელარიის შესაბამისი ქვედანაყოფი, რის შესახებ ინფორმაცია წარედგინება პრემიერ-მინისტრს.
7. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებიდან შემოსული კონკრეტული წინადადებებისა და დოკუმენტების განხილვის შემდეგ პრემიერ-მინისტრი გამოთქვამს თავის მოსაზრებას ამ საკითხთა შესახებ, რის შემდეგაც ისინი აისახება შესაბამისი გეგმის პროექტში, რომელიც განსახილველად და დასამტკიცებლად წარედგინება უახლოეს მთავრობის სხდომას.
8. საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით საქართველოს მთავრობისათვის გაცემულ დავალებათა შესრულების მიზნით საკითხების მომზადებას უზრუნველყოფს შესაბამის დარგში პოლიტიკის გამტარებელი სამინისტრო/სამინისტროები. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთი ორგანოს დადგენა, მას განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 ივლისის დადგენილება №125 - სსმ III, №86, 14.07.2009წ., მუხ.915
თავი III
მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხისა და მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მომზადება
მუხლი 11
1. საკითხები მთავრობის სხდომებზე, როგორც წესი, განიხილება წინასწარ დამტკიცებული ნუსხის მიხედვით, რომელთა შემუშავება ხდება ყოველკვარტალურად. გამონაკლის შემთხვევებში საკითხი შეიძლება მთავრობის სხდომაზე გატანილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის გადაწყვეტილებით.
2. მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვის აუცილებლობის დასაბუთებით საქართველოს სამინისტროები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები, მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ამზადებენ წინადადებებს და წარუდგენენ მთავრობის კანცელარიის უფროსს კვარტალის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, ამასთან მიუთითებენ მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვის სავარაუდო ვადას.
3. მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვის აუცილებლობის დასაბუთებისას სათანადო წინადადებას ერთვის მოხსენებითი ბარათი.
4. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს საკითხის წარმომდგენი სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი პირი. ყველა ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით და დათარიღებული.
მუხლი 12
1. მთავრობის კანცელარია შემოსულ წინადადებათა საფუძველზე ადგენს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა წლიურ და კვარტალურ ნუსხებს, აზუსტებს საკითხთა განხილვის ვადებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
2. მთავრობის კანცელარია კონტროლს უწევს მთავრობის სხდომებზე განსახილველ საკითხთა ნუსხისა და სამთავრობო სამუშაო გეგმების შესრულების მდგომარეობას და ყოველი კვარტალის ბოლოს შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს პრე-მიერ-მინისტრს.
3. მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხაში შეტანილი საკითხის განხილვის ვადის შეცვლა შეიძლება, როგორც წესი, საქართველოს მთავრობის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით.
მუხლი 13.
1. მთავრობის სხდომების ორგანიზებისათვის აუცილებელ წინამოსამზადებელ ღონისძიებებს ახორციელებს მთავრობის კანცელარია.
2. მთავრობის სხდომაზე განსახილველი, დადგენილი წესით შეთანხმებული საკითხები თანდართულ პროექტებთან და მასალებთან ერთად მთავრობის კანცელარიას უნდა ჩაბარდეს მთავრობის სხდომამდე არა უგვიანეს 5 დღისა. მთავრობის წევრები, შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებათა ხელმძღვანელები ვალდებული არიან კონტროლი გაუწიონ მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი მასალების სიზუსტესა და კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და ვადების დაცვას.
3. მთავრობის სხდომაზე განსახილველად დადგენილი წესით წარმოდგენილი პროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით მთავრობის კანცელარიაში იმართება მთავრობის სხდომის წინამოსამზადებელი თათბირი, როგორც წესი, ხუთშაბათობით და ორშაბათობით, 18:00 საათზე.
4. წინამოსამზადებელ თათბირს ესწრებიან მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფების ხელმძღვანელები, მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მოადგილეები, აგრეთვე წინასწარ განსაზღვრული სხვა თანამდებობის პირები. გამონაკლის შემთხვევებში თათბირს მინისტრის (სახელმწიფო მინისტრის) მოადგილის ნაცვლად შეიძლება დაესწროს შესაბამისი უწყების უფლებამოსილი თანამდებობის პირი მთავრობის კანცელარიასთან წინასწარი შეთანხმებით. წინამოსამზადებელ თათბირს უძღვება მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის უფროსი ან მისი არყოფნისას - საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის უფროსი.
5. წინამოსამზადებელ თათბირზე საკითხის (სამართლებრივი აქტის პროექტის) წარმომდგენს საპრეზენტაციოდ ეძლევა 5 წუთი. წინამოსამზადებელ თათბირზე ფორმდება ოქმი, რომლის მომზადებასაც უზრუნველყოფს მთავრობის კანცელარიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
6. წინამოსამზადებელი თათბირის მონაწილე ე.წ. შეთანხმების ფურცელზე ხელმოწერით ადასტურებს თავისი უწყების პოზიციას კონკრეტულ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით (ეთანხმება, ეთანხმება შენიშვნით, არ ეთანხმება).
7. წინამოსამზადებელ თათბირზე შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილის (უფლებამოსილი პირის) არყოფნისას საკითხი ავტომატურად ითვლება შეთანხმებულად შესაბამის უწყებასთან.
8. მთავრობის სხდომაზე განსახილველი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი დადგენილი წესით შეთანხმებულ უნდა იქნეს იუსტიციის სამინისტროსთან და მთავრობის კანცელარიის იურიდიულ დეპარტამენტთან, საფინანსო-საბიუჯეტო ხასიათის საკითხი - ასევე ფინანსთა სამინისტროსთან, ხოლო სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავ-შირებული საკითხი - ასევე ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან. ამასთან, წარმოდგენილი საკითხი მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეიტანება მხოლოდ წინამოსამზადებელ თათბირზე დამსწრეთა უმრავლესობასთან შეთანხმების შემდეგ.
9. მთავრობის სხდომაზე განსახილველად დადგენილი წესის დაუცველად წარმოდგენილი მასალები სათანადო წერილით უბრუნდებათ მათ ავტორებს არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად.
10. წინამოსამზადებელი თათბირის ჩატარების ორგანიზაციული და სხვა პროცედურული საკითხები წესრიგდება მთავრობის კანცელარიის უფროსის ბრძანებით.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №245 - სსმ III, №182, 23.12.2008წ., მუხ.1857
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის დადგენილება №12 - სსმ III, №16, 13.02.2009წ., მუხ.195
მუხლი 131.
1. წინამოსამზადებელი თათბირის რეკომენდაციის შესაბამისად მომზადებული მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად წარედგინება პრემიერ-მინისტრს, რომელიც ამტკიცებს მას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც მთავრობის სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი.
2. მთავრობის სხდომის დამტკიცებულ დღის წესრიგში დამატებითი საკითხები აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთების არსებობისას, გამონაკლისის წესით შეიძლება შეტანილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის გადაწყვეტილებით (თანხმობით).
3. მთავრობის სხდომის დღის წესრიგი თანდართულ მასალებთან ერთად მთავრობის სხდომამდე ერთი დღით ადრე გადაეცემათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს პარლამენტს, მთავრობის წევრებს, მთავრობის კანცელარიის უფროსს, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირებს - წინასწარ განსაზღვრული სიის მიხედვით.
4. მთავრობის წევრის დასაბუთებული მოთხოვნა დღის წესრიგიდან საკითხის ამოღების შესახებ პრემიერ-მინისტრს უნდა წარედგინოს მთავრობის სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი დღისა, ან განსაკუთრებულ შემთხვევაში - მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №245 - სსმ III, №182, 23.12.2008წ., მუხ.1857
თავი IV
მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხები და მათი მომზადება
მუხლი 14
1. საქართველოს მთავრობის სხდომას განსახილველად დადგენილი წესით შეიძლება წარედგინოს საკითხი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება. მათ შორის საკითხები, რომლებიც ეხება:
ა) საქართველოს პარლამენტში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარსადგენ კანონპროექტებს, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტებს, აგრეთვე პრობლემებს, რომელთა დამოუკიდებლად გადაწყვეტა არ შეუძლიათ საქართველოს სამინისტროებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებს, მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს;
ბ) სამინისტროებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, მათი და სახელმწიფო მინისტრების აპარატების დებულებების დამტკიცებას;
გ) მინისტრებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა სამართლებრივი აქტების მთავრობის მიერ გაუქმებას;
დ) ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნასა და მისი დებულების დამტკიცებას;
ე) სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, ამ სფეროებში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების დამტკიცებასა და მათი განხორციელების უზრუნველყოფას;
ვ) მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების საკითხებსა და სამთავრობო პროგრამის შემუშავებას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მთავრობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკადრო საკითხებს;
თ) ქვეყნის ეკონომიკური სივრცის ერთიანობის, ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლების, კონკურენტუნარიანი და სტაბილური საინვესტიციო გარემოს ფორმირების უზრუნველყოფას;
ი) სახელმწიფო ქონების მართვის განხორციელებას;
კ) საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობათა რეგულირების განხორციელებას, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასა და საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტში წარდგენას, სახელმწიფო ბიუჯეტის მიღების შემდეგ მისი შესრულების უზრუნველყოფას, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საქართველოს პარლამენტში წარდგენას;
ლ) სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალების მართვის უზრუნველყოფას;
მ) მოქალაქეთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფას;
ნ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალურად გამოყენების ორგანიზებას;
ო) საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებას, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფას;
პ) ქვეყნის თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ზომების მიღებას;
ჟ) საქართველოს სამხედრო ძალების ფინანსური საშუალებებით, საბრძოლო ტექნიკითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის უზრუნ-ველყოფას;
რ) კანონიერების უზრუნველყოფის, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საკუთრებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ზომების მიღებას, დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის უზრუნველყოფას;
ს) სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფას;
ტ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფას;
უ) საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით მთავრობისათვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. კანონის პროექტისა და სხვა ნორმატიული (სამართლებრივი) აქტის პროექტის მთავრობის სხდომაზე განსახილველად მომზადებისა და წარდგენის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტის მე-7 და მე-9 თავებით.
3. თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროს და მათ შორის ვერ ხერხდება თანხმობის მიღწევა, საკითხი განიხილება მთავრობის სხდომაზე და მის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.
მუხლი 15
1. მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხებს უშუალოდ წარ¬ა¬დგენენ: მთავრობის წევრი, აჭარის ან აფხაზეთის ავტონომიური რეს¬პუბ¬ლიკის მინის¬ტრთა საბჭოს თავმჯდომარე, სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი, მთავრობის კანცელარიის უფროსი, მთავრობის საპარ¬ლა¬მენტო მდივანი, მთავ¬რობის კანცელარიის ქვედანაყოფის უფროსი, სა¬ქარ¬თველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღ¬მა¬სრუ-ლებელი ხელისუფლების და¬წესებულებების ხელმძღვანელები, ად¬გი¬ლობრივი თვითმმართველობის ორ¬განოს ხელმძღვანელი, აგრეთვე სა¬ქარ¬თველოს პრემიერ-მინისტრის ან საქართველოს მთავრობის კანცელა¬რ¬ი¬ის უფროსის გადაწყვეტილებით - სხვა პირი.
2. თუ მთავრობის სხდომაზე მინისტრის დასწრება შეუძლებელია, იგი ამას წინასწარ წერილობით ატყობინებს პრემიერ-მინისტრს. საჭიროების შემთხვევაში მინისტრს უფლება აქვს პრემიერ-მინისტრთან წინასწარი შეთანხმებით თავის ერთ-ერთ მოადგილეს დაავალოს საკითხის მთავრობის სხდომაზე წარდგენა.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 18 ივლისის დადგენილება №149 - სსმ III, №103, 19.07.2007წ., მუხ.1122
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №511 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
მუხლი 16
მთავრობის სხდომაზე განსახილველი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მთავრობას განსახილველად უნდა წარუდგინოს კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა და სპეციალური პროცედურების დაცვით.
მუხლი 17
წინადადებები საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე მთავრობის სხდომას წარედგინება „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 18
მთავრობის სხდომაზე განსახილველ კანონპროექტებსა და სხვა სამართლებრივი აქტების პროექტებს მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანამდე თან უნდა ერთვოდეს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა და დადგენილი ფორმის პასპორტი. სხვა საკითხთა პროექტებს უნდა ერთვოდეს მთავრობის კანცელარიის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი საინფორმაციო-ანალიტიკური ცნობა და თავსართი საცნობარო ფურცელი (პასპორტი).
მუხლი 19
1. მთავრობის სხდომაზე დამსწრე ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ პირთა გარდა, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით პირთა დამატებით მოწვევის საკითხს წყვეტს მთავრობის კანცელარიის უფროსი მთავრობის კანცელარიის შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელისა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ მიწოდებულ წინადადებათა საფუძველზე.
2. მთავრობის სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნეს მთავრობის კანცელარიის ის თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ უზრუნველყოფს განსახილველ საკითხთა მომზადებას.
3. სავალდებულოა მთავრობის სხდომაზე მოწვეულ პირთა რეგისტრაცია მთავრობის კანცელარიის შესაბამისი ქვედანაყოფის მიერ.
თავი V
მთავრობის სხდომის გამართვის წესი
მუხლი 20
1. მთავრობის სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს საქართველოს პერმიერ-მინისტრი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის 79-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი.
2. მთავრობის სხდომა, როგორც წესი, იმართება ყოველი კვირის სამშაბათს, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც. რიგგარეშე სხდომები დადგენილი წესით შეიძლება მოწვეულ იქნეს კვირის სხვა დღეებში.
3. მთავრობის სხდომები იმართება მთავრობის სხდომათა დარბაზში, თუ სხდომის მომწვევის მიერ სხვა გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.
4. მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომა იმართება საჯაროდ.
5. მთავრობის სხდომაზე განიხილება ის საკითხები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად განეკუთვნება მთავრობის კომპეტენციას. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომაზე შეიძლება განხილულ იქნეს სხვა საკითხიც.
6. მთავრობის საჯარო სხდომაზე არ განიხილება სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხები.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის დადგენილება №12 - სსმ III, №16, 13.02.2009წ., მუხ.195
მუხლი 21
1. მთავრობის სხდომა იწყება 13:00 საათზე, თუ სხვა დრო არ არის განსაზღვრული სხდომის მომწვევის მიერ.
2. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მთავრობის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის დადგენილება №12 - სსმ III, №16, 13.02.2009წ., მუხ.195
მუხლი 22
1. საქართველოს მთავრობის სხდომას ესწრებიან:
ა) საქართველოს მინისტრები ან მათი მოვალეობის შემსრულებლები;
ბ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრები;
გ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი;
დ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი;
ე) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის პირველი მოადგილე - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
ვ) საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნები;
ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი;
თ) მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის უფროსი;
ი) საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის უფროსი;
კ) რეგლამენტის შესაბამისად მოწვეული პირები.
2. მთავრობის საჯარო სხდომას განსახილველი საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით შეიძლება ესწრებოდნენ საქართველოს სამინისტროების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, სახელმწიფო რწმუნებულები - გუბერნატორები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები (საქართველოს მთავრობის პრესსამსახურთან შეთანხმებით).
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 18 ივლისის დადგენილება №149 - სსმ III, №103, 19.07.2007წ., მუხ.1122
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის დადგენილება №12 - სსმ III, №16, 13.02.2009წ., მუხ.195
მუხლი 23
1. მთავრობის წევრთა და მთავრობის სხდომაზე მოწვეულ სხვა პირთა მიერ სხდომის დარბაზში ადგილების დაკავების, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო გერბისა და დროშის განლაგების წესი განისაზღვრება პრემიერ-მინისტრის ბრძანებით.
2. მთავრობის სხდომის აუდიოჩანაწერისა და, საჭიროების შემთხვევაში, მისი სტენოგრამის წარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება განხორციელდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №226 - სსმ III, №145, 18.10.2007წ., მუხ.1621
მუხლი 24
1. მთავრობის სხდომაზე მოხსენებისათვის განკუთვნილ დროს ადგენს სხდომის თავმჯდომარე: როგორც წესი, მომხსენებელს ეძლევა 15 წუთამდე, თანამომხსენებლებსა და კამათში გამომსვლელთ - 5 წუთამდე, ხოლო კამათში ხელმეორედ გამომსვლელთ - 3 წუთამდე.
2. განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით სხდომაზე მოწვეულ პირს შეუძლია კამათში გამოსვლა, რეპლიკის წარმოთქმა, წინადადებებისა და შენიშვნების წარმოდგენა.
3. კამათი წყდება სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
მუხლი 25
1. სხდომის თავმჯდომარე:
ა) ხსნის და დამთავრებულად აცხადებს სხდომას;
ბ) უძღვება საკითხების განხილვას;
გ) უზრუნველყოფს რეგლამენტის დაცვას;
დ) განსაზღვრავს კამათის მონაწილეთა რიგითობას და სიტყვას აძლევს მათ;
ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ვ) ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმს;
ზ) აუცილებლობის შემთხვევაში სიტყვას ჩამოართმევს გამომსვლელს, სხდომის მონაწილეს ატოვებინებს სხდომათა დარბაზს;
თ) საჭიროებისამებრ წყვეტს სხდომის მიმდინარეობას და აცხადებს შესვენებას;
ი) ახორციელებს სხდომის გამართვისათვის აუცილებელ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა საკითხთა განხილვასა და კენჭისყრაში.
მუხლი 26
1. კენჭისყრა ყველა განხილულ საკითხზე, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, არის ღია და იგი ეწყობა კონკრეტული საკითხის განხილვის დამთავრებისთანავე.
2. საკითხის ინიციატორს ან სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს საკითხის კენჭისყრაზე დაყენება მოითხოვოს დეტალური განხილვის გარეშე, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს მთავრობის სხდომა.
3. დამსწრეთა უმრავლესობა კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს გამოიანგარიშება მთავრობის იმ წევრთა საერთო რაოდენობიდან, რომლებიც აღირიცხნენ (იყვნენ) კენჭისყრის დაწყებამდე. თუ სხდომას არ ესწრება კენჭისყრისათვის საჭირო რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე აცხადებს შესვენებას ან კენჭისყრის გადადების დროს.
თავი VI
მთავრობის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმების წესი
მუხლი 27
1. მთავრობის სხდომათა ოქმებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს საქართველოს მთავრობის კანცელარიის აღნიშნულისათვის პასუხისმგებელი ქვედანაყოფი, როგორც წესი, ორ დღეში.
2. განსახილველ საკითხთა შესახებ გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები სხდომის ოქმში შეაქვთ საკითხის შემომტანსა და შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელს.
3. მთავრობის სხდომაზე განხილული კანონის პროექტის, მთავრობის დადგენილებისა და განკარგულების პროექტის, აგრეთვე სხდომაზე განხილული სხვა სამართლებრივი აქტის პროექტის დამატებითი დამუშავებისათვის მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებს აძლევს დავალებებს და საჭიროებისას ქმნის სამუშაო ჯგუფს დადგენილი წესის თანახმად, რაც სათანადოდ აისახება სხდომის ოქმში. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელები ან პირები, რომლებიც ხელმძღვანელობენ აღნიშნულ სამუშაო ჯგუფებს, უზრუნველყოფენ პროექტების დამუშავებასა და დადგენილ ვადებში მთავრობის კანცელარიაში წარდგენას. თუ ვადა წინასწარ არ არის განსაზღვრული, პროექტების დამუშავება ხორციელდება 10 დღის განმავლობაში.
4. მთავრობის სხდომაზე შენიშვნის გარეშე განხილულ და მოწონებულ სამართლებრივი აქტის პროექტს მთავრობის კანცელარია იურიდიული დეპარტამენტის მონაწილეობით დადგენილი წესით აფორმებს იმავე ან მეორე დღეს.
მუხლი 28
1. მთავრობის სხდომის ოქმს ხელს აწერენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის კანცელარიის უფროსი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის თავმჯდომარეობით მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება საქართველოს პრეზიდენტის აქტით.
2. საქართველოს მთავრობის სხდომათა ოქმებს ხელს აწერენ ოქმის შემდგენლები, საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტისა და საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსები.
3. მთავრობის სხდომების ხელმოწერილ ოქმებსა და აქტებს საქართველოს მთავრობის კანცელარია უგზავნის დაინტერესებულ სახელმწიფო დაწესებულებებს.
4. მთავრობის სხდომაზე განხილული კანონპროექტის თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება გამოიცეს საქართველოს მთავრობის განკარგულება. კანონის პროექტი საქართველოს პარლამენტს წარედგინება ამ რეგლამენტის შესაბამისად.
5. მთავრობის სხდომებზე განხილული შესაბამისი კანონის პროექტის ან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების პროექტები მთავრობის განკარგულებებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტს ეგზავნება პრემიერ-მინისტრის თანმხლები წერილით ან პრეზიდენტის ადმინისტრაციას - საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის თანმხლები წერილით.
6. მთავრობის სხდომათა ოქმებს, მთავრობის სხდომაზე მიღებულ საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივ აქტებს გზავნის საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი წინასწარ დამტკიცებული სიის მიხედვით.
7. მთავრობის სხდომის საოქმო გადაწყვეტილებანი ეგზავნებათ შემსრულებლებს სხდომის ოქმიდან ამონაწერის სახით. ცალკეული გადაწყვეტილებები ეგზავნებათ შემსრულებლებს იმ სიების მიხედვით, რომლებსაც ადგენენ საკითხის შემომტანები მთავრობის კანცელარიის შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან ერთად.
თავი VII
მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის დავალებათა გაფორმებისა და შესრულების წესი
მუხლი 29
1. მთავრობის კანცელარია უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და თანამდებობის პირებისათვის საქართველოს მთავრობის ან პრემიერ-მინისტრის მიერ გაცემული დავალებებისა და მითითებების დროულ მიწოდებას.
2. აღნიშნული დავალება შეიძლება მომდინარეობდეს:
ა) საქართველოს პრეზიდენტისაგან (შემსრულებელს ეგზავნება დადგენილი წესით გაფორმებული დავალება);
ბ) პრემიერ-მინისტრისაგან (შემსრულებელს ეგზავნება თათბირის ოქმი (ამონაწერი) ან რეზოლუცია);
გ) მთავრობისაგან (შემსრულებელს ეგზავნება მთავრობის სხდომის ოქმი (ამონაწერი) ან მთავრობის სამართლებრივი აქტი).
მუხლი 30
შესაბამის სუბიექტთა მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დავალებები ფორმდება შესაბამისი სამართლებრივი აქტის, ოქმის ან რეზოლუციის სახით, რომელთა შესრულება სავალდებულოა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და თანამდებობის პირებისათვის.
მუხლი 31
1. დავალება შეიძლება იყოს მიმდინარე, სასწრაფო ან საკონტროლო.
2. თუ დავალების შესრულების ვადა არ არის მითითებული, იგი ექვემდებარება ერთ თვეში შესრულებას (მომდევნო თვის შესაბამის რიცხვამდე, და თუ მომდევნო თვეში არ არის ასეთი რიცხვი, მაშინ ამ თვის ბოლო დღემდე) დავალების (გადაწყვეტილების) ხელმოწერის თარიღიდან. თუ დავალების შესრულების ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე დღეს, იგი ექვემდებარება შესრულებას მის წინა სამუშაო დღეს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც დავალების შესრულება დადგენილ ვადაში შეუძლებელია ობიექტური მიზეზების გამო, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს ხელმძღვანელები წარუდგენენ მთავრობას მოტივირებულ წინადადებას ვადის გაგრძელების თაობაზე, შესრულების დაგეგმილი თარიღის მითითებით. ასეთი წინადადებები წარედგინება არა უგვიანეს ათი დღისა დავალების (გადაწყვეტილების) ხელმოწერის თარიღიდან. სასწრაფო და ოპერატიული დავალებების შესრულების ვადები არ გაგრძელდება.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №129 - სსმ III, №156, 31.12.2004წ., მუხ.1439
მუხლი 32
თუ დავალების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის ბოლო დღე ემთხვევა დასვენების ან უქმე დღეს, იგი შეიძლება შესრულდეს დასვენების ან უქმე დღის მომდევნო სამუშაო დღეს.
მუხლი 33
დადგენილ ვადაში დავალების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში შემსრულებელი მიმდინარე დავალების შესრულების ვადამდე 10 დღით ადრე, სასწრაფო დავალების შესრულების ვადამდე 2 დღით ადრე და საკონტროლო დავალების შესრულების ვადამდე 5 დღით ადრე მთავრობას წარუდგენს მოტივირებულ წინადადებას ვადის გაგრძელების თაობაზე, დავალების შესრულების ახალი თარიღის მითითებით.
მუხლი 34
შესრულებული დავალების თაობაზე შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი დავალების გამცემის ან მთავრობის კანცელარიის უფროსის სახელზე.
მუხლი 35
1. იმ შემთხვევაში, როდესაც დავალების შემსრულებლად მითითებულია ერთზე მეტი თანამდებობის პირი ან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, დავალებაში მითითებული პირველი პირი ითვლება დავალების მთავარ შემსრულებლად, დანარჩენები - თანაშემსრულებლებად.
2. მთავარი შემსრულებელი პასუხისმგებელია დავალების შესრულების კოორდინაციისათვის. იგი ორგანიზებას უწევს დავალების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელებას. აუცილებლობის შემთხვევაში ან დავალების ოპერატიულად შესრულების მიზნით მთავარი შემსრულებელი უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფი. ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებისას სამუშაო ჯგუფში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაწილეობა სავალდებულოა.
მუხლი 36
1. საქართველოს მთავრობის კანცელარია პრემიერ-მინისტრის სახელითა და დავალებით შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებისა და მათი თანამდებობის პირთა მიერ საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების, გადაწყვეტილებებისა და სხვა დავალებების შესრულების კონტროლს.
2. ცალკეულ დავალებათა კონტროლზე აყვანისა და კონტროლიდან მოხსნის საკითხს წყვეტს მთავრობის კანცელარიის უფროსი.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №129 - სსმ III, №156, 31.12.2004წ., მუხ.1439
თავი VIII
მთავრობის სხდომაზე განსახილველი კანონქვემდებარე და სხვა სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის წესი
მუხლი 37
1. მთავრობის სხდომაზე განსახილველად შესაბამისი კანონქვემდებარე და სხვა სამართლებრივი აქტის პროექტის მთავრობის კანცელარიაში წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მთავრობის წევრებსა და აღნიშნული პროექტის მომზადების უფლების მქონე სხვა თანამდებობის პირებს.
2. პროექტს თან უნდა ახლდეს:
ა) მთავრობის წევრის, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ ხელმოწერილი წერილი პროექტის წარდგენის თაობაზე;
ბ) განმარტებითი ბარათი, რომელშიც უნდა აისახოს პროექტის მიღების საფუძველი, მოკლე ანოტაცია, საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, ნორმატიული აქტის ამოქმედების მეშვეობით მოსალოდნელი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები;
გ) შეთანხმებები დაინტერესებულ უწყებებთან, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატებთან.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №76 - სსმ III, №46, 05.04.2006წ., მუხ.524
მუხლი 38
ნორმატიული აქტის პროექტი კანონმდებლობით დადგენილი წესით დაინტერესებულ უწყებებთან, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატებთან და სხვა ორგანიზაციებთან შეთანხმების შემდეგ წარედგინება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც ორ კვირაში პროექტის შესახებ ამზადებს სამართლებრივ დასვნას.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №76 - სსმ III, №46, 05.04.2006წ., მუხ.524
მუხლი 39
1. იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივი აქტის პროექტის ამოქმედებისათვის აუცილებელია სხვა სამართლებრივი აქტის გაუქმება ან მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, პროექტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ამ სამართლებრივი აქტების პროექტებთან ერთად პაკეტის სახით.
2. თუ სამართლებრივი აქტის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის მიღებას, ამ შემთხვევაში აღნიშნულ დოკუმენტებს უნდა დაერთოს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის პროექტიც.
მუხლი 40
1. მთავრობის სამართლებრივი აქტის პროექტის მიმართ დაინტერესებული უწყების შენიშვნების არსებობისას პროექტის ავტორი ვალდებულია განიხილოს იგი ამ უწყებასთან შეთანხმების მიღწევის მიზნით.
2. პროექტის მიმართ სადავო საკითხზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში პროექტი შეიძლება წარდგენილ იქნეს მთავრობაში შენიშვნებით და მათი გაუთვალისწინებლობის შესაბამისი არგუმენტაციით.
მუხლი 41
სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელიც მთავრობას წარედგინება რეგლამენტით დადგენილი წესის დარღვევით, მოტივირებული წერილით უბრუნდება ავტორს.
მუხლი 42
1. სამართლებრივი აქტის პროექტის განსახილველად მომზადებას უზრუნველყოფს მთავრობის კანცელარია საქართველოს კანონმდებლობის, რეგლამენტისა და მთავრობის კანცელარიის დებულების შესაბამისად.
2. წარმოდგენილი პროექტის განსახილველად მომზადებისათვის მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტი და შესაბამისი ქვედანაყოფი ახორციელებს პროექტის საბოლოო ექსპერტიზას, როგორც წესი, 5 დღეში.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №245 - სსმ III, №182, 23.12.2008წ., მუხ.1857
მუხლი 43
ექსპერტიზის პროცესში გამოვლენილი დარღვევების არსებობისას სამართლებრივი აქტის პროექტი უბრუნდება ავტორს შენიშვნების გასაზიარებლად ან/და ხარვეზის გამოსასწორებლად.
მუხლი 44
კანონმდებლობისა და რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად მომზადებული სამართლებრივი აქტების პრექტების თაობაზე მთავრობის კანცელარიის შესაბამისი ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა მოხსენებითი ბარათი წარედგინებათ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის კანცელარიის უფროსს, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით
შესაძლებელია მათი მთავრობის სხდომაზე განსახილველად გატანა.
მუხლი 45
1. სამართლებრივი აქტის პროექტი, რომლის მიღება გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით ან განხილულია საქართველოს პრეზიდენტის თავმჯდომარეობით გამართულ მთავრობის სხდომაზე, მთავრობის კანცელარიის მიერ ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.
2. სამართლებრივი აქტის პროექტი იმ უწყებათა საკადრო საკითხებზე, რომელთა საქმიანობას ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი, დადგენილი წესით უნდა შეთანხმდეს საქართველოს პრეზიდენტთან.
მუხლი 46
საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის წერილით კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად მთავრობაში წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელიც მთავრობის უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ საკითხებს შეეხება, განხილულ უნდა იქნეს მთავრობის უახლოეს სხდომაზე. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 15 დღით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
მუხლი 47
მთავრობის კანცელარია პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილ საქართველოს მთავრობის ან პრემიერ-მინისტრის სამართლებრივ აქტს უსვამს თარიღს, ანიჭებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სათანადო რეკვიზიტებს და ადასტურებს შესაბამისი ბეჭდით, რის შემდეგაც უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი IX
მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვა
მუხლი 48
1. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობა ძირითადად ხორციელდება კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მიხედვით, რომელსაც ყოველწლიურად, არა უგვიანეს წინა წლის 15 დეკემბრისა, ამტკიცებს მთავრობა განკარგულებით.
2. კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმას ადგენს მთავრობის კანცელარია (შესაბამისი ქვედანაყოფი) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ მოწოდებულ წინადადებათა საფუძველზე. პარალელიზმის თავიდან აცილების მიზნით გეგმის მომზადებისას მთავრობა ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმებს.
მუხლი 49
წინადადება კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმასთან დაკავშირებით უნდა შეიცავდეს:
ა) კანონპროექტის სახელწოდებასა და მისი მიღების აუცილებლობის დასაბუთებას;
ბ) კანონპროექტის კონცეფციასა და მის ზოგად აღწერას, მისი მომზადების ეტაპებს, პასუხისმგებელ პირთა ვინაობას;
გ) მთავრობასა და საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის წარდგენის საორიენტაციო ვადებს.
მუხლი 50
აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შესრულების კონტროლს ახორციელებს მთავრობის კაცელარია შესაბამისი ქვედანაყოფის მეშვეობით, რომელიც წელიწადში ორჯერ აწვდის ინფორმაციას გაწეული კანონშემოქმედებითი საქმიანობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის კანცელარიის უფროსს, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.
თავი X
კანონების პროექტების მთავრობაში წარმოდგენა და განხილვა
მუხლი 51
1. აღმასრულებელ ხელისუფლებაში კანონპროექტის მომზადების, შეთანხმებისა და განხილვის წესი განისაზღვრება „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე ამ რეგლამენტის შესაბამისად.
2. კანონპროექტის სახით საკანონმდებლო წინადადების (შემდგომში - კანონპროექტის) მომზადებისა და საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენის უფლებამოსილება აქვთ საქართველოს მინისტრებს, სახელმწიფო მინისტრებს, სახელმწიფო რწუნებულებს - გუბერნატორებს, ხოლო აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ პროცესის კოორდინაციას ახორციელებენ საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი (შესაბამისი ქვედანაყოფის მეშვეობით) და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №76 - სსმ III, №46, 05.04.2006წ., მუხ.524
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 18 ივლისის დადგენილება №149 - სსმ III, №103, 19.07.2007წ., მუხ.1122
მუხლი 52
1. სამინისტროს მიერ კანონის პროექტის მომზადების საფუძველი შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრის ან შესაბამისი მინისტრის სამართლებრივი აქტი, აგრეთვე საკანონმდებლო აქტის გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული დავალება.
2. კანონპროექტი უნდა მომზადდეს „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და შესათანხმებლად (დასკვნისათვის) წარედგინოს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა დაინტერესებულ დაწესებულებას, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატებს, რომელთაც დასკვნის მოსამზადებლად ეძლევათ ერთი თვის ვადა. ეს ვადა შეიძლება შეიცვალოს საქართველოს მთავრობის კანცელარიის ან იუსტიციის სამინისტროს მოტივირებული მოთხოვნით.
3. კანონის პროექტს ყველა დაინტერესებული სახელმწიფო დაწესებულების დასკვნებთან ერთად პროექტის შემმუშავებელი უწყება გადასცემს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნისათვის - მისი საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის თაობაზე. იუსტიციის სამინისტრო კანონის პროექტის შესახებ სამართლებრივ დასკვნას გასცემს ორ კვირაში, რის საფუძველზეც შესაბამისი უწყება შეიმუშავებს კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტს და 10 დღეში დადგენილი წესით წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს ან საქართველოს მთავრობას.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №76 - სსმ III, №46, 05.04.2006წ., მუხ.524
მუხლი 53
1. კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში წარდგენილ უნდა იქნეს დადგენილი წესითა და ვადებში, რომელიც ექსპერტიზისათვის დაუყოვნებლივ გადაეცემათ მთავრობის კანცელარიის იურიდიულ დეპარამენტსა და შესაბამის დარგობრივ ქვედანაყოფს.
2. კანონის პროექტი თანდართული მასალებით წარედგინება აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც მთავრობის კანცელარიის შესაბამისი ქვედანაყოფების დასკვნების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საკითხის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე.
მუხლი 54
კანონპროექტები, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებს შეეხება და მთავრობის სხდომაზე განსახილველადაა წარმოდგენილი, შესაბამის მთავრობის სხდომამდე არა უგვიანეს 10 დღისა შესათანხმებლად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.
მუხლი 55
1. კანონპროექტს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში წარმოდგენისას თან უნდა დაერთოს: უწყების ხელმძღვანელის მიმართვის წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე, რომელშიც საფუძვლიანად უნდა იქნეს დასაბუთებული კანონპროექტის მომზადების საჭიროება და აქტუალურობა; საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით მომზადებული განმარტებითი ბარათი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და დაინტერესებულ უწყებათა, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატების დასკვნები; კანონპროექტი სხვა ნორმატიულ აქტებში იმ ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის შესახებ, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება; კანონპროექტის შეთანხმების ფურცელი; საქართველოს მთავრობის სხდომაზე მოსაწვევ პირთა სია.
2. კანონპროექტის შეთანხმების ფურცელში უნდა მიეთითოს:
ა) კანონპროექტის სახელწოდება და მისი მომზადების საფუძველი;
ბ) კანონპროექტის წარმომდგენი სახელმწიფო დაწესებულების სახელწოდება;
გ) კანონპროექტის დაინტერესებულ უწყებებთან, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატებთან შესათანხმებლად დაგზავნისა და დასკვნის მიღების თარიღები ამ უწყებათა სახელწოდებების მითითებით;
დ) ცალკეულ უწყებათა დასკვნებში გამოთქმული შენიშვნების მოკლე შინაარსი და კანონპროექტში მათი გაზიარება-არგაზიარების თაობაზე არგუმენტირებული კომენტარი.
3. კანონის პროექტი საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად გამოაქვს იმ სამინისტროს ხელმძღვანელს, რომელმაც მოამზადა კანონის პროექტი. აუცილებლობის შემთხვევაში სამინისტროს ხელმძღვანელს უფლება აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინასწარი წერილობითი ინფორმაციისა და მისი თანხმობის მიღების შემდეგ თავის ერთ-ერთ მოადგილეს დაავალოს კანონის პროექტის მთავრობის სხდომაზე წარდგენა.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №76 - სსმ III, №46, 05.04.2006წ., მუხ.524
მუხლი 56
1. საქართველოს მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის განხილვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნისა და საპარლამენტო მდივნის სავალდებულო ვიზირების შემდეგ.
2. სამინისტროში მომზადებული და დადგენილი წესით შეთანხმებული კანონის პროექტი საქართველოს პარლამენტს წარედგინება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით (განსაკუთრებულ შემთხვევებში) ან საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვისა და მოწონების შემდეგ საქარ-თველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №76 - სსმ III, №46, 05.04.2006წ., მუხ.524
მუხლი 57
საქართველოს პარლამენტში მთავრობის ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს თან უნდა დაერთოს მთავრობის სხდომის ოქმი, რომელშიც მითითებულ იქნება მისი განხილვისა და მოწონების თაობაზე მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. საქართველოს პარლამენტს კანონპროექტი ეგზავნება პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, რომელშიც ასახულია კანონპროექტის მიღების მიზანი.
თავი XI
სათათბირო ორგანოები
მუხლი 58
1. მთავრობას აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მომზადებისა და შესწავლის მიზნით შეუძლია სათათბირო ორგანოებში შექმნას კომისიები და საბჭოები.
2. სათათბირო ორგანოებს, რომლებიც იქმნება ცალკეულ საკითხთა შესასწავლად და აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებული ორგანოების შეთანხმებული მოქმედების უზრუნველსაყოფად, ეწოდება კომისიები, ხოლო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების უზრუნველმყოფელ ორგანოებს - საბჭოები.
მუხლი 59
სათათბირო ორგანოების შექმნისა და საქმიანობის ზოგადი წესი კანონმდებლობის საფუძველზე განისაზღვრება მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.
მუხლი 60
სათათბირო ორგანოებს დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლიათ მიიღონ საჭირო დოკუმენტაცია სახელმწიფო დაწესებულებებიდან, მოიწვიონ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, გარკვეულ ამოცანათა შესასრულებლად შექმნან სამუშაო ჯგუფები მეცნიერების, სპეციალისტების, საზოგადო მოღვაწეების მონაწილეობით.
მუხლი 61
სათათბირო ორგანოს დასკვნა წარედგინება მთავრობას. მთავრობის მიერ მისი მოწონების შემთხვევაში იგი ფორმდება შესაბამისი ოქმით.
თავი XII
მთავრობის წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტსა და სასამართლო ორგანოებში
მუხლი 62
1. საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში ახორციელებენ საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი და სამინისტროების საპარლამენტო მდივნები.
2. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი კოორდინაციას უწევს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საპარლამენტო მდივნების საქმიანობასა და მათ ურთიერთობას საქართველოს პარლამენტთან, საპარლამენტო კომიტეტებთან და ფრაქციებთან.
3. საქართველოს პარლამენტთან საქართველოს მთავრობის ურთიერთობის, საქართველოს მთავრობისა და სამინისტროების საპარლამენტო მდივნების საქმიანობის რეგულირება ხდება საქართველოს კონსტიტუციით, „საპარლამენტო მდივნის შესახებ" საქართველოს კანონით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 63
1. საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სასამართლო ორგანოებში წარმომადგენლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტი.
2. სასამართლოებში განსახილველ ცალკეულ საქმეზე მთავრობის ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის წარდგინებით მთავრობის კანცელარიის უფროსი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება სათანადო იურიდიული კვალიფიკაციის მქონე პირებთან.
3. საერთო სასამართლოში მთავრობის წარმომადგენლის უფლებამოსილებისა და ანაზღაურების საკითხი განისაზღვრება ხელშეკრულებით.
თავი XII1
საქართველოს მთავრობის წევრთა და მათ ქვემდებარე უწყებათა შორის ოფიციალური მიმოწერის წესი
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 მარტის დადგენილება №62 - სსმ III, №36, 31.03.2005წ., მუხ.372
მუხლი 631
1. საქართველოს მთავრობის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ოფიციალური მიმოწერის წარმოების უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის წევრებს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში - მათი მოვალეობის შემსრულებლებს.
2. საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს სამინისტროებიდან და სახელმწიფო მინისტრების აპარატებიდან ოფიციალური კორესპონდენციის წარმოდგენა ხორციელდება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 მარტის დადგენილება №62 - სსმ III, №36, 31.03.2005წ., მუხ.372
მუხლი 632
1. საქართველოს მთავრობის წევრები ოფიციალური მიმოწერისას ერთმანეთს მიმართავენ უშუალოდ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მინისტრის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს სხვა პირი.
2. საქართველოს სამინისტროებიდან და სახელმწიფო მინისტრების აპარატებიდან სხვა სამინისტროში, სახელმწიფო მინისტრის აპარატში ან მთავრობის კანცელარიაში ოფიციალური მიმოწერისას წერილი შეიძლება გაიგზავნოს უწყების სახელზე კონკრეტული თანამდებობის პირის (ადრესატის) მიუთითებლად. ამ შემთხვევაში წერილს ხელი უნდა მოაწერონ მთავრობის წევრმა ან მისმა მოადგილემ, სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსმა, მთავრობის კანცელარიის უფროსმა.
3. საქართველოს მთავრობის კანცელარიას, სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრების აპარატებს შორის ოფიციალური მიმოწერა, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, შეიძლება აწარმოონ „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით განსაზღვრულმა აღნიშნულ დაწესებულებათა მთავარმა საჯარო თანამდებობის პირებმა მხოლოდ ერთმანეთთან ან თანამდებობის მიუთითებლად უწყების სახელზე მიმოწერის გზით.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 მარტის დადგენილება №62 - სსმ III, №36, 31.03.2005წ., მუხ.372
თავი XIII
მოქალაქეთა მომართვების განხილვის წესი
მუხლი 64
1. მთავრობაში მოქალაქეთა წერილობით მომართვებზე (განცხადება, საჩივარი) მუშაობასა და საჯარო ინფორმაციის გაცემას უზრუნველყოფს მთავრობის კანცელარია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
2. მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვის ვადა, როგორც წესი, განისაზღვრება ერთი თვით.
3. საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის კანცელარიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შემოსულ ადმინისტრაციულ საჩივრებზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად მისაღები გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული აქტის) პროექტის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტი.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის დადგენილება №33 - სსმ III, №19, 10.02.2006წ., მუხ.229
მუხლი 65
1. მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების მიღებას, რეგისტრაციასა და დაგზავნას უზრუნველყოფს მთავრობის კანცელარიის შესაბამისი ქვედანაყოფი.
2. მოქალაქეებთან ურთიერთობისათვის მთავრობის კანცელარიის შესაბამის ქვედანაყოფში დაწესებულია თანამშრომელთა მორიგეობა, გარდა კვირისა. მორიგეობის გრაფიკს ამტკიცებს მთავრობის კანცელარიის უფროსი.
მუხლი 66
1. მთავრობის კანცელარიის შესაბამისი ქვედანაყოფი მოქალაქეთა განცხადებებსა და საჩივრებს რეგისტრაციისა და გაცნობის შემდეგ ქვემდებარეობის მიხედვით გადასცემს სამინისტროებს, სხვა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, მთავრობის კანცელარიის შესაბამის ქვედანაყოფებს.
2. მოქალაქეთა საჩივრებსა და განცხადებებში დასმული საკითხების გადასაწყვეტად პრემიერ-მინისტრის აქტით შეიძლება შეიქმნას საკითხის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი.
მუხლი 67
1. მთავრობის კანცელარიაში მოქალაქეთა მიღებისათვის დაწესებულია მიღების დღეები საათების მითითებით. ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე განთავსდება მთავრობის კანცელარიაში თვალსაჩინო ადგილას.
2. პრემიერ-მინისტრთან მოქალაქეთა მიღების წესს ადგენს მთავრობის კანცელარიის უფროსი პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.
მუხლი 68
მოქალაქეთა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა გაიმართება, თუ მოქალაქის განცხადება-საჩივარს ან სახელმწიფო მინისტრებსა და მთავრობის კანცელარიის ქვედანაყოფის ხელმძღვანელებთან შეხვედრას რეაგირება არ მოჰყოლია, ანდა მოქალაქის განცხადება-საჩივარს პასუხი საერთოდ არ გაეცა.
თავი XIII1
საქართველოს მთავრობის წევრისა და მისი მოადგილის სამსახურებრივი მივლინება
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №93 -ვებგვერდი,24.02.2011წ.
მუხლი 681
1. საქართველოს მთავრობის წევრი (გარდა საქართველოს საგარეო საქმეთა, თავდაცვის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებისა), მისი მოადგილე სამსახურებრივი მივლინებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად წინასწარ წერილობითი ფორმით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. აღნიშნული პირების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება ხორციელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინასწარი თანხმობით.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მიმართვა წარდგენილ უნდა იქნეს პირის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებამდე.
3. მიმართვაში უნდა აღინიშნოს ინფორმაცია სამსახურებრივი მივლინების მიზნის, ხანგრძლივობისა და დელეგაციის შემადგენლობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №93 -ვებგვერდი,24.02.2011წ.
თავი XIV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 69
ამ რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.







