2011 წლის 17 დეკემბრის მთავრობის სხდომა

2011 წლის 17 დეკემბრის მთავრობის სხდომა2011 წლის 17 დეკემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 17 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 11 თვის ეკონომნიკური აქტივობის მონაცემებზე ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"მოგესალმებით. წლის ბოლოს უფრო ინტენსიური მუშაობის რეჟიმზე გადავდივართ. მთავრობის სხდომებს კვირაში ორჯერ ჩავატარებთ, რათა ყველა სამინისტროს 2012 წლის გეგმები და მიზნები განვიხილოთ, რა პრობლემები ქონდათ 2011 წელს, რა მიღწევები გვქონდა 2011 წელს, შევაჯამოთ 2011 წელი და 2012 წლისთვის დავსახოთ ძალიან კონკრეტული გეგმები და პრიორიტეტები.
მომავალ მთავრობის სხდომას ჩავატარებთ ქუთაისში, მთავრობის ახალ შენობაში და ყველას გეპატიჟებით იქ.

ხელთ გვაქვს ეკონომიკური აქტივობის 11 თვის შედეგები. პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ციფრს. 11 თვის მონაცემით ეს ციფრი არის 6,5%-ი, ჩვენს რეგიონში ერთერთი ყველაზე მაღალია.

შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში პროგნოზი 5,5 %-ზე გვქონდა, ამ პროგნოზს ეთანხმებოდა აბსოლუტურად ყველა საერთაშოსირო ექსპერტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი. სექტემბერ-ოქტომბერში მივხვდით, რომ ზრდა უფრო მაღალი იქნებოდა და ოფიციალური მაჩვენებელი 6%-ზე ავიყვანეთ. დღეს ბიუჯეტში ჩადებული არის 2011 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებნელი 6%-ი. თუმცა, ის უფრო მაღლია და 11 თვის მაჩვენებელი დაფიქსირდა 6,5%-ზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2011 წელს საქართველო დაამთავრებს დაახლოვებით 6,5%-იანი ზრდით (+/- 0,1%-ი), რაც რეგიონში იქნება ერთერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია წელს, როდესაც არც თუ ისე მარტივი წელია მსოფლიო ეკონომიკისთის. ევროპას, სამხრეთ ევროპას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპას, პრობლემები აქვს, ამერიკაში არ არის ისეთი ზრდა, როგორიც მოსალოდნელი იყო, ჩინეთშიც ასეთივე პრობლემებია.

შესაბამისად, 6,5%-იანი ზრდა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

გვაქვს საგარეო ვაჭრობის მონაცემებიც. გასული 11 თვის განმავლობაში ექსპორტი რეკორდულად მაღალია. 11 თვის განმავლობაში 2 მლრდ დოლარამდე პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც 40%-ით უფრო მაღალია, ვიდრე გასული წლის 11 თვეში. ხოლო იმპორტი გაზრდილია დაახლოვებით 38-39%-ით."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური