პრემიერ–მინისტრმა MCG აგრობიზნესის განვითარების პროექტი შეაჯამა ამოსაბეჭდი ვერსია

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველოში აშშ-ს ელჩთან ჯონ ბასთნ ერთად Millennium Challenge Georgia-ს აგრობიზნესის განვითარების პროექტი შეაჯამა2010 წლის 29 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველოში აშშ-ს ელჩთან ჯონ ბასთნ ერთად Millennium Challenge Georgia-ს აგრობიზნესის განვითარების პროექტი შეაჯამა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„ამერიკის მთავრობას და ამერიკის ხალხს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ბოლო წლების განმავლობაში გრანტით დაფინანსებული მილენიუმის წარმატებული პროექტები მიმდინარეობს. ეს არის ამერიკის ხალხის ფული, რომელიც საქართველოში ჩაიდო.
მილენიუმის პროგრამა ქართველი და ამერიკელი ხალხის ურთიერთკავშირს და ამერიკული მთავრობის საქართველოსადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. მილენიუმის პირველი პროგრამა, რომელიც 2006 წელს დაიწყო, იწურება. პროგრამები 2011 წლის აპრილში უნდა დასრულდეს. ამ პროგრამის მიხედვით 5 უმნიშვნელოვანესი მიმართულება შესრულდა და ინვესტიცია განხორციელდა საქართველოში.

რამოდენიმე დღის წინ გავხსენით სამხცე-ჯავახეთის გზა, რომელიც არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი არა მარტო მილენიუმის მხრიდან, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. გარკვეული პერიოდის წინ დასრულდა ენერგეტიკული პროექტი და მოხდა მილსადენების რეაბილიტაცია, ეს აუცილებელი იყო და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს შევიკრიბეთ მესამე პროექტის ე.წ. სოფლის მურნეობის პროექტის აღსანიშნავად - ასევე მილენიუმის პროექტების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის.

ქვეყნისთვის სოფლის მეურნეობა ერთერთი პოტენციური ინდუსტრიაა, რომელმაც მომავალში ქვეყნის ეკონომიკა წინ უნდა წაიყვანოს. სამწუხაროდ, დღეისათვის არც თუ ისე განვითარებულია, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ძალიან დიდი პოტენცია აქვს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და სოფლის მეურნეობის განვითრებას.
პრემიერ–მინისტრმა MCG აგრობიზნესის განვითარების პროექტი შეაჯამა
მილენიუმის ამ პროექტმა აჩვენა, რომ სოფლის მეურნეობა შეიძლება იყოს მომგებიანი და იაფი, შეიძლება იყოს ის დარგი, რომელშიც ინვესტორი ფულს ჩადებს, ხალხს დაასაქმებს და თვითონ მოგებას ნახავს. დამზადებული ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქცია ექსპორტზეც გადის როგორც პოსტ-საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში. ჯამში გაიცა 16 მლნ დოლარის გრანტი, რომელსაც კერძო სექტორმა დაამატა 20 მლნ დოლარი. სოფლის მეურნეობის პროექტებში დაიხარჯა 36 მლნ დოლარი და დასაქმდა 2600-ზე მეტი ადამიანი. მიზანი იყო ფერმერებს და ინვესტორებს ენახათ, რომ სოფლის მეურნეობა საქართველოში არის მიმზიდველი, მომგებიანი, აქ შეიძლება ინვესტიციის ჩადება, ხალხის დასაქმება, პროდუქციის ექსპორტზე გატანა და მოგების ნახვა.

ეს მიზანი მიღწეულია, 300-მდე ახალი კომპანიაა შექმნილი, 2600-ზე მეტი ადამიანი დასაქმებული და ეს ციფრები კიდევ გაიზრდება, რაც გვიჩვენებს პროექტის წარმატებას.

კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის მთავრობას, ამერიკის ელჩს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტებში და რაც მთავარია, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს MCG-ს წარმომადგენლობას, MCG-ს თანამშრომლებს, რომლებმაც ამ პროექტის წარმატებისთვის ძალიან ბევრი იშრომეს.
გილოცავთ, რომ წარმატებულად განახორციელეთ საკმაოდ რთული პროექტი."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური