საქართველოს მთავრობის დადგენილება N253

საქართველოს მთავრობის დადგენილება N253
27 დეკემბერი, 2006

,,სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის N153 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 42-84 პუნქტების, მე-40 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის N153 დადგენილებით (სსმ, 2005 წელი, N104, III ნაწილი, მუხლი 1160) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. სალიცენზიო პირობები და ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები

1. ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის მისაღებად ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად დამატებით უნდა წარმოადგინოს:
ა) ფართობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) დეკლარაცია დადგენილების ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობის შესახებ, დამოწმებული უფლებამოსილი პირის მიერ.

2. ლიცენზიის მაძიებელი და ლიცენზიის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს თანდართულ შესაბამის მოთხოვნებს.

3. ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 45-ე პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობისათვის მოთხოვნები განისაზღვრება სხვა ნორმატიული აქტით.

4. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელები დეკლარაციას სააგენტოში წარადგენენ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ ანგარიშგებასთან ერთად.

5. სააგენტო ვალდებულია შესაბამის სალიცენზიო პირობებში მითითებული მონაცემების სისწორე შეამოწმოს უშუალოდ, ადგილზე დათვალიერებით, რაზეც დგება შესაბამისი ოქმი. ოქმს ხელს აწერენ სამინისტროს წარმომადგენელი და ლიცენზიის მაძიებელი. თუ ლიცენზიის მაძიებელი უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ასეთ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელმა ოქმს უნდა დაურთოს ახსნა-განმარტება ან/და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე მიუთითოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი