საქართველოს მთავრობის დადგენილება N256

საქართველოს მთავრობის დადგენილება N256
27 დეკემბერი, 2006

საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წესის, წარმოშობის სერტიფიკატების ფორმის, მისი გაცემისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 29-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 30-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დამტკიცდეს ინსტრუქცია ,,საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წესის, წარმოშობის სერტიფიკატების ფორმის, მისი გაცემისა და შევსების წესების შესახებ" თანდართულ დანართებთან ერთად (N1, N2).

2. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

3. ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-3 პუქტის ,,ა" ქვეპუნქტი ამოქმედდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი სათანადო ცვლილებების ამოქმედების დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი


დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2006 წლის 27 დეკემბრის
N256 დადგენილებით

 

ინსტრუქცია

საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წესის, წარმოშობის სერტიფიკატების ფორმის, მისი გაცემისა და შევსების წესების შესახებ


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქონლის წარმოშობის ქვეყანა განისაზღვრება საქართველოს საბაჟო ტერი­ტო­რიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას.

2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას საქონლის წარმოშობის ქვეყანას განსაზღვრავს ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანო, ხოლო გატანისას - საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გამცემი საქართველოს უფლებამოსილი ორგანო.

3. შემოტანილი ან/და გატანილი საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის სისწორეს აკონტროლებს საბაჟო დამუშავების ოპერაციის შესაბამისი საბაჟო ორგანო.

4. საქონლის ექსპორტის (რეექსპორტის) დროს საქონლის წარმოშობა დასტურდება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატით (დანართები N1, N2).

5. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას საქონლის წარმოშობა დასტურდება წარმოშობის სერტიფიკატით.

6. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ორი სახისაა:
ა) არაპრეფერენციული (დანართი N1);
ბ) პრეფერენციული (დანართი N2).

7. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი (ფორმა ,,A") გაიცემა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან განსაზღვრული საქონლის განსაზღვრულ ქვეყნებში (,,პრეფერენციების გენერალიზებული სისტემის" მომნიჭებელ ქვეყნებში) ექსპორტის დროს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ. წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმები და სერტიფიკატის გაცემისა და შევსების წესები განისაზღვრება პრეფერენციის მომნიჭებელი ქვეყნის დირექტივებით.

8. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ყველა სხვა დანარჩენ ქვე­ყანაში საქონლის ექსპორტის (რეექსპორტის) დროს (გარდა საერთაშორისო ხელშეკრუ­ლებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ (ყურძნისეულ ნედლეულზე დამზადებულ ალკოჰოლიან სასმელებზე).

9. დსთ-ს ქვეყნებში საქონლის შეტანისა და გატანის დროს გამოიყენება დსთ-ს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესებით" დამტკიცებული ფორმის სერტიფიკატი.


მუხლი 2. წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმები

1. საქონლის ექსპორტის (რეექსპორტის) დროს საქონლის წარმოშობის განსაზღვრის კრიტერიუმებია:
ა) მოცემულ ქვეყანაში მთლიანად წარმოებული საქონლის კრიტერიუმი;
ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) სასაქონლო პოზიციის პირველ ოთხნიშნა დონეზე ცვლილების კრიტერიუმი;
გ) ადვალური (ღირებულებითი) წილის კრიტერიუმი;
დ) აუცილებელი პირობების, საწარმოო და ტექნოლოგიური ოპერაციების კრიტერიუმი.

2. საქართველო აღიარებს საქონლის შემოტანის დროს ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემულ წარმოშობის სერტიფიკატს, თუ ის აკმაყოფილებს N1 დანართის პირობებს.

3. საქონლის რეექსპორტისას საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრა ხდება საქონლის იმპორტის დროს თანმხლები ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე, ხოლო სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში - საქართველოდან საქონლის ექსპორტის დროს წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების შესაბამისად.

4. საქონლის იმპორტის დროს, თუ ამ საქონელს არ ახლავს საქონლის წარმოშობის ქვეყნის დამადასტურებელი წარმოშობის სერტიფიკატი, ითვლება, რომ ამ საქონლის წარმო­შობა დაუდგენელია. ამ საქონლის წარმოშობის დადგენას და წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას იმპორტის საბაჟო რეჟიმის მიზნებისათვის საქართველოს შესაბამისი ორგანოები არ ახორციელებენ.


მუხლი 3. მოცემულ ქვეყანაში მთლიანად წარმოებული საქონლის კრიტერიუმი

1. საქონელი, რომელიც მთლიანად წარმოებულია განსაზღვრულ ქვეყანაში, წარმოადგენს ამ ქვეყანაში წარმოშობილს.

2. მოცემულ ქვეყანაში მთლიანად წარმოებულად მიიჩნევა მხოლოდ:
ა) სასარგებლო წიაღისეული, მოპოვებული მოცემული ქვეყნის წიაღებიდან, მისი ტერიტორიული ზღვიდან ან ზღვის ფსკერიდან;
ბ) მცენარეული წარმოშობის პროდუქცია, მოყვანილი ან შეგროვებული ამ ქვეყანაში;
გ) ამ ქვეყანაში გაჩენილი და გაზრდილი ცხოველები;
დ) ამ ქვეყანაში ბინადარი ცხოველებისაგან მიღებული პროდუქტები;
ე) ამ ქვეყანაში ნადირობისა და თევზჭერის შედეგად მიღებული პრო­დუქცია;
ვ) საზღვაო თევზჭერის შედეგად მიღებული და საზღვაო წარმოშობის სხვა პრო­დუქცია, მოპოვებული ამ ქვეყნის გემის მიერ;
ზ) ამ ქვეყნის სარეწ გემზე მიღებული პროდუქცია, რომელიც მხოლოდ ,,ვ" ქვეპუნქტში აღნიშნული პროდუქციისაგან არის წარმოებული;
თ) პროდუქცია, რომელიც მოცემული ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარე ზღვის ფსკე­რიდან ან ზღვის ფსკერის წიაღიდან არის მიღებული, მხოლოდ იმ პირობით, თუ ქვეყანას აქვს ზღვის ფსკერის ან წიაღის ამ მონაკვეთის დამუშავების საგანგებო უფლებები;
ი) საწარმოო ოპერაციების შედეგად მიღებული ნარჩენები, ჯართი და ნახმარი ნაკეთობები, რომელთა შეგროვება განხორციელდა მოცემულ ქვეყანაში და რომელთა გამოყენება შეიძლება მხოლოდ ნედლეულად გადამუშავებისათვის;
კ) საქონელი, რომელიც წარმოებულია მოცემულ ქვეყანაში ,,ა - ი" ქვეპუნქტებში მითითებული პროდუქციისაგან.


მუხლი 4. ადვალური (ღირებულებითი) წილის კრიტერიუმი

1. ადვალური წილის კრიტერიუმის გამოყენების დროს საქონელი ითვლება იმ ქვეყანაში წარმოშობილად, სადაც არის წარმოშობილი ამ საქონლის დასამზადებლად გამოყენებული მასალები და ნედლეული, ხოლო ამ მასალებისა და ნედლეულის ღირებულება შეადგენს მზა პროდუქციის ღირებულების სულ ცოტა 51%-ს.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მასალებისა და ნედლეულის წარმოშობის ქვეყნები სხვადასხვაა და მათი საერთო ღირებულება აჭარბებს მზა პროდუქციის ღირებულების 51%-ს, მაშინ მზა პროდუქცია ჩაითვლება იმ ქვეყანაში წარმოშობილად, სადაც არის წარმოშობილი ის მასალა და ნედლეული, რომელთა ღირე­ბულების პროცენტული წილი უდიდესია.
3. იმ შემთხვევებში, როდესაც წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმი გამოიხატება ადვალური წილის წესით, ღირებულებები, რომელთა გათვალისწინება ხდება, უნდა იყოს შემდეგი:
ა) შემოტანილი მასალებისათვის - მათი საბაჟო ღირებულება შემოტანისას;
ბ) მზა საქონლისათვის - ფასი ფრანკო-ქარხნის ან ექსპორტის საბაჟო ღირებულების მიხედვით.

მუხლი 5. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) სასაქონლო პოზიციის პირველ ოთხნიშნა დონეზე ცვლილების კრიტერიუმი

1. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) სასაქონლო პოზიციის პირველ ოთხნიშნა დონეზე ცვლილების კრიტერიუმი ნიშნავს საქონლის გადამუშავებას მოცემულ ქვეყანაში ისეთი დოზით, როდესაც გადასამუშავებელი საქონელი იცვლის პირველი 4 სასაქონლო პოზიციიდან თუნდაც ერთ ნიშანს (ციფრს) (მაგალითად, 2204 შეიცვალა 2205-ით). ამ შემთხვევაში ითვლება, რომ საქონელი წარმო­შობილია იმ ქვეყანაში, სადაც განხორციელდა ეს ცვლილება.
2. მოცემული კრიტერიუმით საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის დროს გამოიყენება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ).

მუხლი 6. აუცილებელი პირობების, საწარმოო და ტექნოლოგიური ოპერაციების კრიტერიუმი

1. საქონელი, რომლის წარმოებაში ჩაბმული იყო ორი ან მეტი ქვეყანა, ჩაითვლება იმ ქვეყანაში წარმოშობილად, სადაც მან განიცადა ბოლო მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის ტერმინი ,,ბოლო მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია" ნიშნავს მნიშვნელოვან და ეკონომიკურად გამართლებულ გადამუშავებას ან ამ მიზნებისათვის აღჭურვილ საწარმოში შესრულებულ სამუშაოს, რომლის შედეგადაც წარმოებულ იქნა ახალი პროდუქცია, ან რომელიც წარმოადგენს წარმოების პროცესის მნიშვნელოვან ეტაპს.

მუხლი 7. ოპერაციები, რომლებიც არ გაითვალისწინება საქონლის წარმოშობის ქვეყნის კრიტერიუმის დადგენის დროს

1. ოპერაციები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ საქონლის ძირითადი მახასიათებლების ან თვისებების მიღებას, ან უზრუნველყოფენ მათ მხოლოდ უმნიშვნელო ოდენობით, ძირითადად კი, ოპერაციები, რომლებიც შეიცავენ ერთ ან რამდენიმე ოპერაციას ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, არ უნდა იქნეს მიჩნეული როგორც საქონლის წარმოებისა და გადამუშავებისათვის მნიშვნელოვანი ოპერაციები:
ა) ოპერაციები, რომლებიც აუცილებელია საქონლის ტრანსპორტირების ან შენახვის უზრუნველსაყოფად;
ბ) საქონლის გარეგანი სახის ან კომერციული ხარისხის გაუმჯობესების ან მისი ტრანსპორტირებისათვის მომზადების ოპერაციები, რომლებშიც შედის საქონლის პარტიის დაყოფა, შეფუთვების დაჯგუფება, სორტირება, მარკირება, მეორეული შეფუთვა;
გ) მარტივი აწყობითი ოპერაციები;
დ) სხვადასხვა წარმოშობის საქონლის შერევა იმ პირობით, რომ მიღებული პროდუქციის მახასიათებლები არსებითად არ განსხვავდება იმ პროდუქტების მახასიათებლებისაგან, რომელთა შერევა ხდება.
2. აუწყობელი ან დაშლილი საქონელი, რომლის შემოტანა ხდება ორზე მეტი პარტიით, მათი ერთი პარტიით შემოტანის მიზანშეუწონლობის გამო, სატრანსპორტო ან საწარმოო ხასიათის მიზეზით, იმპორტიორის მოთხოვნით მიჩნეულ უნდა იქნეს ერთ ნაკეთობად მისი წარმოშობის დასადგენად.
3. წარმოშობის განსაზღვრის მიზნით შეფუთვა უნდა ჩაითვალოს იმავე ქვეყანაში წარმოშობილად როგორც შეფუთული საქონელი.
4. საქონლის წარმოშობის განსაზღვრის მიზნით იმ შემთხვევებში, როდესაც ითვლება, რომ შეფუთვა იმავე წარმოშობისაა რაც საქონელი, უნდა გავითვალისწინოთ მხოლოდ ის შეფუთვა, რომელშიც ჩვეულებრივ ხდება ამ საქონლის რეალიზაცია საცალო ვაჭრობაში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება ადვალური წილის წესი.
5. საქონლის წარმოშობის განსაზღვრის დროს არ გაითვალისწინება ენერგიის, მოწყობილობების, მანქანა-იარაღების წარმოშობის ქვეყანა, რომლებიც გამოიყენება საქონლის წარმოებისა და გადამუშვებისათვის.

მუხლი 8. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის (დანართი N1) ფორმა, შევსების ენა და გაცემა

1. წარმოშობის სერტიფიკატი არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.
2. წარმოშობის სერტიფიკატი წარედგინება საბაჟო ორგანოს კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში.
3. წარმოშობის სერტიფიკატს არ ითხოვს საბაჟო ორგანო შემდეგ შემთხვევებში, როდესაც:
ა) საქონლის მიწოდება ხდება მცირე პარტიებად კერძო პირების მისამართით ან მიჰყვება მგზავრს ბარგის ან ხელბარგის სახით, იმ პირობით, რომ მისი შეტანა არ შეიცავს კომერციულ ხასიათს და ერთობლივი ფასი არ აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ,,ლ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ ზღვარს;
ბ) საქონელი შემოტანილია დროებით;
გ) საქონელი გადაადგილდება ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით;
დ) ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებით, რომლებიც ექვემდებარება მოვაჭრე ქვეყნების მიერ მათ გამოყენებას, გათვალისწინებულია, რომ გარკვეული საქონელი არ საჭიროებს წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტებს;
ე) საქონლის ექსპორტის დროს.
4. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს წერილობით მიმართოს ექსპორტიორი ქვეყნის წარმოშობის სერტიფიკატის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს წარმოშობის სერტიფიკატის ნამდვილობასა და/ან თაღლითობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში.
5. წარმოშობის სერტიფიკატის ბლანკები უნდა იყოს დაბეჭდილი:
ა) საქართველოდან საქონლის ექსპორტის (რეექსპორტის) დროს ქართულ ან/და ინგლისურ ენებზე;
ბ) საქართველოში საქონლის იმპორტის დროს ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე.
6. იმ შემთხვევებში, როდესაც წარმოშობის სერტიფიკატი არ ივსება ქართულად, საბაჟო ორგანოებმა, როგორც წესი, არ უნდა მოითხოვონ წარმოშობის სერტიფიკატში მოცემული ინფორმაციის თარგმანი.
7. წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან შეინახონ სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში განცხადებები ან საკონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მათ მიერ გაცემულ წარმოშობის სერტიფიკატებს.
8. სერტიფიკატი უნდა გაფორმდეს A4 ფორმატის (210X297მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე, რომელიც შემუშავებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (სსო).
9. წარმოშობის სერტიფიკატი ივსება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი - თეთრი.
10. ფერადი და ერთი თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, ხოლო ერთი თეთრი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს.
11. წარმოშობის სერტიფიკატის ფერადი და თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს. საბაჟო ორგანო საქონლის ექსპორტის (რეექსპორტის) დროს იტოვებს თეთრი ფერის ეგზემპლარს, ხოლო იმპორტის დროს - შესაბამისი ქვეყნის გაცემულ ორიგინალს. ექსპორტის დროს სერტიფიკატის წარდგენა ნებაყოფლობითია.
12. წარმოშობის სერტიფიკატის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განცხადების საფუძველზე დამატებით შეიძლება გაიცეს წარმოშობის სერტიფიკატის დუბლიკატი.
13. წარმოშობის სერტიფიკატის გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადასცემს დადგენილი წესით გაფორმებულ წარმოშობის სერტიფიკატის ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში.
14. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის წარმოშობის სერტიფიკატის მიღება დასტურდება რეესტრში მისი ხელმოწერით.
15. წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ექსპორტიორის განცხადების რეგისტრაციიდან სულ გვიან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
16. წარმოშობის სერტიფიკატის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც შესაბამისი ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით.
17. წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტებია:
ა) განცხადება (იგი უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სეს ესნ-ის 11-ნიშნა კოდის დონეზე, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას);
ბ) საქონლის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) კონტრაქტი;
დ) ექსპერტიზის აქტი საქონლის წარმოშობის შესახებ;
ე) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი);
ვ) ალკოჰოლიანი საქონლის შემთხვევაში - თითოეული დასახელების ნიმუშის თითო ბოთლი.
18. სერტიფიკატის გამცემი ორგანო იტოვებს და ინახავს განცხადებას და მე-17 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების ასლებს დადგენილი წესით.

მუხლი 9. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის (დანართი N1) შევსების წესები

1. გრაფა N1 - მიეთითება ექსპორტიორის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და დასახელება, იურიდიული მისამართი და ქვეყანა.
2. გრაფა N2 - მიეთითება ,,ორიგინალი". თუ წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა დაკარგული ან დაზიანებული ორიგინალის სანაცვლოდ, ახალ სერტიფიკატზე სათაურთან მიეთითება სიტყვა ,,დუბლიკატი". სერტიფიკატის ორიგინალისა და დუბლიკატის ასლებზე სათაურის გვერდით მიეთითება სიტყვა ,,ასლი". ეს გრაფა ასევე განკუთვნილია იმ ორგანიზაციის დასახელების (ლოგოტიპი, ემბლემა) მითითებისათვის, რომელიც გასცემს სერტიფიკატს და უნდა მოიცავდეს ადგილს სხვა ოფიციალური ხასიათის ინფორმაციის შესატანად.
3. გრაფა N3 - მიეთითება იმპორტიორის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და დასახელება, იურიდიული მისამართი და ქვეყანა. ამ გრაფაში გათვალისწინებული ცნობები შეიძლება შეიცვალოს წარწერით ,,საორდერო" და, თუ ეს შესაძლებელი იქნა, დანიშნულების ქვეყნის სახელით.
4. გრაფა N4 - ეს გრაფა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი ინფორმაციის შესატანად სატრანსპორტო საშუალების, მისი მარშრუტის შესახებ და ა.შ., რომელიც მითითებულ იქნება აუცილებლობის შემთხვევაში სერტიფიკატის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით.
5. გრაფა N5 - მიეთითება საქონლის ადგილების რაოდენობა და საქონლის დასახელება სეს ესნ-ის 4-ნიშნა კოდის დონეზე.
6. გრაფა N6 - მიეთითება საქონლის ბრუტო წონა.
7. გრაფა N7 - მიეთითება საქონლის ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისის) ნომერი და თარიღი.
8. გრაფა N8 - ეს გრაფა დატოვებულია ცნობებისათვის (მაგ. რეექსპორტის დროს წინმსწრები სერტიფიკატის რეკვიზიტები და სხვ.). აქვე დაისმება სერტიფიკატის გამცემი ორგანოს ბეჭედი.
9. წარმოშობის სერტიფიკატის შევსების დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
ა) ბლანკები შესაძლებელია შეივსოს ნებისმიერი ხერხით, ამასთან, ჩანაწერები არ უნდა იშლებოდეს და გარკვევით უნდა იყოს დაწერილი;
ბ) აღნიშვნებისა და შესწორებების გაკეთება სერტიფიკატებზე დაუშვებელია;
გ) შეუვსებელ გრაფებში აუცილებლად უნდა იყოს გასმული ხაზი მათში შემდგომი დამატებების შეტანის თავიდან ასაცილებლად.

მუხლი 10. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის (დანართი N2) ფორმა, შევსების ენა და გაცემა

1. წარმოშობის სერტიფიკატი არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.
2. წარმოშობის სერტიფიკატის ბლანკები უნდა იყოს დაბეჭდილი ინგლისურ ენაზე.
3. წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან შეინახონ სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში განცხადებები ან საკონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მათ მიერ გაცემულ წარმოშობის სერტიფიკატებს.
4. სერტიფიკატი უნდა გაფორმდეს A4 ფორმატის (210X297მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე, რომელიც შემუშავებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანი­ზაციის მიერ (სსო).
5. წარმოშობის სერტიფიკატი ივსება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ორი არის ფერადი, ხოლო ერთი - თეთრი.

6. ერთი ფერადი და თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, ხოლო ერთი ფერადი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს.

7. წარმოშობის სერტიფიკატის ფერადი და თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს. საბაჟო ორგანოში საქონლის ექსპორტისას თეთრი ფერის ეგზემპლარის წარდგენა ნებაყოფლობითია.

8. წარმოშობის სერტიფიკატის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განცხადების საფუძველზე დამატებით შეიძლება გაიცეს წარმოშობის სერტიფიკატის დუბლიკატი.

9. წარმოშობის სერტიფიკატის გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადასცემს დადგენილი წესით გაფორმებულ წარმოშობის სერტიფიკატის ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში.

10. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის წარმოშობის სერტიფიკატის მიღება დასტურდება რეესტრში მისი ხელმოწერით.

11. წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ექსპორტიორის განცხადების რეგისტრაციიდან სულ გვიან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

12. წარმოშობის სერტიფიკატის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც შესაბამისი ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით.

13. წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტებია:
ა) განცხადება (იგი უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სეს ესნ-ის 11-ნიშნა კოდის დონეზე, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას);
ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ, რომლის ფორმა მტკიცდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით;
გ) კონტრაქტი;
დ) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი).

14. სერტიფიკატის გამცემი ორგანო იტოვებს და ინახავს განცხადებას და ამ მუხლის მე-13 პუნქტში აღნიშნული დოკუ-მენტების ასლებს დადგენილი წესით.


მუხლი 11. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის (დანართი N2) შევსების წესები

1. გრაფა N1 - მიეთითება ექსპორტიორის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და დასახელება, იურიდიული მისამართი და ქვეყანა.

2. გრაფა N2 - მიეთითება საქონლის მიმღების დასახელება, იურიდიული მისამართი და ქვეყანა ისეთი სიზუსტით, რამდენადაც ეს ცნობილია.

3. გრაფა N3 - ეს გრაფა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი ინფორმაციის შესატანად სატრანსპორტო საშუალების და მისი მარშრუტის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ეს ცნობილია.

4. გრაფა N4 - ეს გრაფა დატოვებულია დამატებითი ოფიციალური ცნობებისათვის. შევსება არ არის სავალდებულო.

5. გრაფა N5 - საქონლის ნუმერაცია იმ შემთხვევაში, თუ ერთ სერტიფიკატში რამდენიმე სახეობის საქონლის ჩამონათვალია. შევსება არ არის სავალდებულო.

6. გრაფა N6 - მიეთითება საქონლის შეკვრების ნომერი და ნიშნები. შევსება არ არის სავალდებულო.

7. გრაფა N7 - მიეთითება საქონლის შეკვრების რაოდენობა და სახეობა, საქონლის დასახელება (სეს ესნ-ის კოდი (სულ ცოტა 4-ნიშნა დონეზე) და სხვა ცნობები, რაც საქონ­ლის იდენტიფიკაციისათვის არის აუცილებელი.

8. გრაფა N8 - მიეთითება წარმოშობის კრიტერიუმები.

9. გრაფა N9 - მიეთითება საქონლის ბრუტო წონა ან საქონლის სხვა რაოდენობრივი მაჩვენებელი.

10. გრაფა N10 - მიეთითება საქონლის ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისის) ნომერი და თარიღი.

11. გრაფა N11 - მიეთითება სერტიფიკატის გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირის თანამდებობა, დამოწმებული მისი ხელმოწერით და ბეჭდით.

12. გრაფა N12 - ექსპორტიორის ხელმოწერა და ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში).

13. წარმოშობის სერტიფიკატის შევსების დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:

ა) ბლანკები შესაძლებელია შეივსოს ნებისმიერი ხერხით. ამასთან, ჩანაწერები არ უნდა იშლებოდეს და გარკვევით უნდა იყოს დაწერილი;
ბ) სერტიფიკატებზე აღნიშვნებისა და შესწორებების შემთხვევაში აუცილებელია მისი დამოწმება ბეჭდით;
გ) N5, N6, N7, N8, N9 და N10 გრაფებში შეუვსებელ ნაწილში აუცილებლად უნდა იყოს გასმული ხაზი მათში შემდგომი დამატებების შეტანის თავიდან ასაცილებლად.