დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფის სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, თეთრიწყაროს რაიონში მცხოვრებ ბექაურების ოჯახს ესტუმრა და ოჯახის მცირეწლოვან წევრებს - 4 წლის თამარსა და 3 წლის გიორგის, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები პირადად გადასცა. ბექაურების ოჯახის უფროსმა, ბატონმა გივიმ და მისმა მეუღლემ, ქალბატონმა თამარმა, საპენსიო ასაკის მოქალაქეთათვის განკუთვნილი ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები რამდენიმე დღით ადრე, პენსიასთან ერთად მიიღეს.
ბექაურებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის თითოეული მოქალაქისათვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე და ხაზი გაუსვა, რომ, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფის სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ პირთა რაოდენობა 1 მილიონი ადამიანით გაიზრდება და 1 მილიონ 900 ათასადამიანს მიაღწევს, რასაც ის 500 ათასი ადამიანი ემატება, ვინც კერძო დაზღვევებით სარგებლობს. შედეგად, 1 სექტემბრიდან საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე ისარგებლებს ჯანმთელობის დაზღვევის პოლისით.
ოჯახში სტუმრობის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, ჯანდაცვის მინისტრის თანხლებით, თეთრიწყაროს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ჯეო ჰოსპიტალსი" დაათვალიერა და კლინიკაში მყოფი პაციენტების პრობლემებს გაეცნო. მოგვიანებით მათ სამედიცინო პერსონალს ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევები და რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნეს. მედპერსონალთან საუბრისას, ვანო მერაბიშვილი ექთნების ანაზღაურებით დაინტერესდა და აღნიშნულ საკითხს დეტალურად გაეცნო.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციის შემდგომ სამედიცინო ცენტრებში მიმართვიანობის რაოდენობა ექვსჯერ გაიზარდა და 1 სექტემბრიდან ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის გაფართოებას უკავშირდება. შედეგად, სამედიცინო ცენტრებს ის ადამიანები მიაკითხავენ, რომლებიც შესაძლებლობის არქონის გამო, ექიმთან 10-15 წელია არ ყოფილან. ამიტომ, პრემიერ-მინისტრის თქმით, კლინიკები აღნიშნულ ტენდენციას მომზადებულები უნდა შეხვდნენ. სწორედ ამ მიზნით ხორციელდება მათი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრებით დაკომპლექტება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ დაავადებათა პრევენცია იმ ფინანსებს გამოათავისუფლებს, რომლებიც სამომავლოდ შესაძლოა სხვა დაავადებათა სამკურნალოდ და სამედიცინო სფეროს განსავითარებლად ჩაიდოს.
თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით აღჭურვილი თეთრიწყაროს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ჯეო ჰოსპიტალსი" 2011 წლის დეკემბერში გაიხსნა. 15 საწოლიანი კლინიკა ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. სამედიცინო ცენტრში 116 ადამიანი, მათ შორის: 32 ექიმი და 49 ექთანია დასაქმებული. კლინიკის ასაშენებლად სადაზღვევო კომპანია „ირაომ" 2.5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. კლინიკამ ფუნქციონირება 2011 წლის დეკემბერში დაიწყო. გახსნის შემდეგ, თეთრიწყაროს სამედიცინო ცენტრში 2089 პაციენტი მიიღეს.









