პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სინგაპურში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სინგაპურში იმყოფებოდა.

2011 წლის 4 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა „Financial Times" მიერ ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმზე „Invest in Georgia .The Gateway to Europe". სიტყვით გამოსვლისას ნიკა გილაურმა საქართველოს ბიზნეს გარემოზე და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა .

„ჩვენი მთავარი მიზანია შევქმნათ კერძო სექტორისთვის კომფორტული გარემო. ამის შედეგები უკვე გვაქვს. საჭიროა ყველა კანონსა და რეგულაციას შევხედოთ კერძო სექტორის თვალით. მიზნად დავისახეთ ისეთი გარემოს შექმნა, სადაც კორუფცია ნულის ტოლი იქნებოდა, იქნებოდა დაბალი გადასახადები და გამართული ლოჯისტიკა.

საქართველოს ნუ შეხედავთ, როგორც 4 მილიონიან ბაზარს. შეხედეთ მას როგორც რეგიონულ ცენტრს, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის არაერთი შეთანხმება აქვს გაფორმებული. მაგალითად, თურქეთთან და GSP+ შეთანხმება ევროკავშირთან. ეს არის მინიმუმ 250 მილიონიანი ბაზარი. ბევრი კომპანია ჩამოდის საქართელოში, იწყებს ბიზნესს და შემდეგ აფართოვებს მას მთელს რეგიონში, ჩვენი ქვეყანა გახდა რეგიონის უმთავრესი გზაჯვარედინი. საქართველოში ბევრი კომპანია ჩამოდის ფულის დასაბანდებლად.

ექსპორტს რაც შეეხება,პირველ რიგში უნდა დავასახელოთ ავტომობილები. კომპანიები არჩევენ საქართველოში მანქანები ჩამოიყვანონ და აქედან სომხეთს, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიას მიაწოდონ. საქართველო არის გამტარი ქვეყანა ტრანსპორტის, ენერგო-რესურსებისა და რეგიონული ვაჭრობის თვალსაზრისით," - განაცხადა საქართელოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

„სინგაპურში საქართველოსადმი ძალიან დიდი ინტერესია, დიდი ინტერესია ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელების კუთხით, აგრეთვე ნავთობგადამამუშავებელ პროდუქტების სექტორებში და მეტალურგიაში. დღევანდელ მდგომარეობაში, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა აღარ იზრდება ისეთი ტემპებით, როგორც მოსალოდნელი იყო, ინვესტორები ეძებენ ახალ ადგილებს და ახალ ქვეყნებს ინვესტიციების განსახორციელებლად. დღეს გამოიკვეთა, რომ საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა," - აღნიშნა ნიკა გილაურმა ფორუმის დასრულების შემდეგ.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური