2011 წლის 14 დეკემბრის მთავრობის სხდომა

2011 წლის 14 დეკემბრის მთავრობის სხდომა 2011 წლის 14 დეკემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 67 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2012 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"მოგესალმებით. გასულ კვირას დამტკიცდა 2012 წლის ბიუჯეტი. მთავრობის წევრებთან, პრეზიდენტის ოფისთან და პარლამენტთან ბევრი ვიმუშავეთ. მომავალი წლის ბიუჯეტი საკმაოდ დაბალანსებული და ერთერთი ყველაზე ჯანსაღი ბიუჯეტია.

ჯამურად, ნაერთი ბიუჯეტი ადის 8,5 მლრდ ლარამდე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს 10 ჯერ, 11 ჯერ უფრო მეტია, ვიდრე 2003 წლის საქართველოს ბიუჯეტი იყო. მინდა შეგახსენოთ, რომ მაშინ ბიუჯეტის სეკვესტრი ხდებოდა.

სახელმწიფო ბიუჯეტი შეადგენს 7 მლრდ 980 მლნ ლარს, ნაერთი ბიუჯეტი - 8,5 მლრდ ლარამდე. ბიუჯეტის დეფიციტი განსაზღვრულია 3,5%-ით. ეს ერთერთი დაბალი მაჩვენებელია ჩვენს რეგიონში და მისასალმებელია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ყოველ წელს მცირდება. ჩვენი მიზანია, რომ 2013 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ზე დაბლა ჩამოვიყვანოთ. გათვალისწინებულია მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იანი ზრდა.

რაც შეეხება დანახარჯებს, აქ მთავარ პრიორიტეტად აღებულია სოციალური ხარჯები. ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა - ეს არის სამი მიმართულება, სადაც ბიუჯეტი გაზრდილია მიმდინარე წელთან შედარებით. საგრძნობლად გაზრდილია განათლების დაფინანსება, გაზრდილია ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების დაფინანსება. პირველ რიგში, აქ საპენსიო პაკეტის ზრდას ვგულისხმობ და იმას, რომ მომავალი წლის 1 სექტემბრიდან დარიგდება სადაზღვევო ვაუჩერები. ამ ვაუჩერებს მიიღებს ყველა პენსიონერი და 0-დან 5-წლამდე ბავშვი, რაც სერიოზული გარღვევა იქნება ჩვენს ჯანდაცვის სფეროში.

კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ საგრძნობი ზრდაა სოფლის მეურნეობის დაფინანსებაშიც, რაც ასევე ჩვენი ერთერთი მთავარი პრიორიტეტია.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, აქაც საგრძნობი ზრდაა დაფინანსების მხრივ. მომავალ წელს საგზაო, წყლის პროექტების და ენერგეტიკული პროექტების დაფინანსება 1 მლრდ ლარამდე იქნება გათვალისწინებული.

ყველა სამინისტროს ვთხოვ, რომ მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში საზოგადოებას და ჟურნალისტებს 2012 წლის პრიორიტეტებზე მცირე პრეზენტაცია წარუდგინონ, რათა მთელმა საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა გაკეთდა 2011 წელს და რის გაკეთებას ვაპირებთ 2012 წელს.

სამინისტროები და მინიტრები ასეთივე პრეზენტაციებს მთავრობის სხდომაზეც გააკეთებენ."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური