საქართველოს მთავრობის დადგენილება №41

შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2261 მუხლის შესაბამისად:

1. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტისათვის განისაზღვროს მომსახურების ტარიფი შემდეგი მოცულობით:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) ექსპორტისათვის - 160 ლარის ოდენობით 1 ტონაზე;
ბ) შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტისათვის - 40 ლარის ოდენობით 1 ტონაზე;
გ) ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის ექსპორტისათვის - 50 ლარის ოდენობით 1 ტონაზე.

2. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართად და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენად (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) მიიჩნევა ლითონის მეორადი ნედლეული, რომელიც განკუთვნილია საწარმოო გადამუშავებისათვის და რომელიც წარმოიშვება ლითონის წარმოების ან მექანიკური დამუშავების პროცესში, ასევე ლითონის ის ნაკეთობები, რომლებიც გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შეიქმნა გატეხვის, გაცვეთის (მათ შორის, მორალური), მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო.
შენიშვნა: ამ პუნქტით წარმოდგენილი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართისა და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) განმარტება არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირდება საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 7201, 7102, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებსა და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.

3. შავი ლითონის წარმოების ნარჩენად მიიჩნევა ლითონის მაღალი (20% და მეტი) შემცველობის მქონე ნარჩენი.

4. ფერადი ლითონის დაუმუშავებელ შენადნობად მიიჩნევა ფერადი ლითონი ან/და ფერადი ლითონების შენადნობი წარმოდგენილი შოთების, ზოდების, ლუგვების, ბრიკეტების ან სხვა პირველად ფორმებში.

5. მომსახურების ტარიფის გადახდის გარეშე დაუშვებელია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის, ან შავი ან/და ფერადი ლითონების ნარ¬ჩენის ექსპორტის განხორციელება.

6. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) ექსპორტის მომსახურების ტარიფის გადახდა ხორციელდება 302003289 სახაზინო კოდზე, შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის გადახდა ხორციელდება 302003290 სახაზინო კოდზე, ხოლო ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის ექსპორტის მომსახურების ტარიფის გადახდა ხორციელდება 302003293 სახაზინო კოდზე და შესაბამისი მომსახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს წარედგინება ექსპორტის დეკლარაციასთან ერთად.

7. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური.

მუხლი 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარ¬ი-ფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე" საქართვე-ლოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის №440 დადგენილება.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 15 თებერვლიდან.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური